თემურ ჩხეიძე (1943-2022)

რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე.

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი. თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.