ალექსანდრე ხახანაშვილი (ხახანოვი) (Александр Хаханов) (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. 1884 წელს დაამთავრა ტფილისის გიმნაზია რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტზე. 1889 წლიდან პრივატ-დოცენტის ხარისხში კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო 1900 წლიდან — მოსკოვის უნივერსიტეტში. მონაწილეობა მიიღო ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894; პარიზი 1897). შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით — „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-4, 1895–1907). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“ ჩამოყალიბდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.