გრიგოლ ტყაბლაძე (1907-1980)

მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

დაიბადა ოზურგეთში 1907 წელს, ხოლო სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლად იქ გადავიდა. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო, გარდა 1951–1952 წლები სეზონისა, როდესაც მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში.

შესრულებილი როლები პიესებში: კოწია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“); სულეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“); მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“; შმაგა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“); მწერალი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“); სანდრო (ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“), მეფე ერეკლე (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“);. ასევე მონაწილეობდა პიესებში „თამარ ცბიერი“, „ორი ობოლი“, „პატარა კახი“ და სხვა. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“, კონსტანტინე სიმონოვის „უცხო აჩრდილი“, ვსევოლოდსკისა და რუდნევის „მკაცრი დღეები“ და სხვ.

დაკრძალულია ქალაქ ჭიათურაში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდეს ჭიათურის გიორგი ნუცუბიძის სახელობის თეატრალური მუზეუმის თანამშრომლებმა თინათინ გოცაძემ და მაკა გოგატიშვილმა, რისთვისაც  ვუხდით მადლობას.