ჟუჟუნა ხაჯიშვილი (1957 – 2022)

პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1989 წლიდან.

დაიბადა 1957 წლის 13 ა გვისტოს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში. 1974 წელს დაამთავრა წყავროკის საშუალო სკოლა, 1983 წელს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში , აჭარის ტელე-რადიო კომიტეტში კორესპონდენტად, აჭარის მწერალთა ორგანიზაციაში ჯერ მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს ინსტრუქტორად, შემდეგ კი მწერალთა კავშირის რედაქტორ-კონსულტანტად.

1978 წლიდან აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წელს აირჩიეს აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ავტორია ლექსების, ჩანხატებისა და პუბლიცისტური წერილებისა. 1975 წელს ჟურნალ „ჭოროხში“ პოეტ ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. პირველი პოეტური კრებული „ყვავილობა“ 1978 წელს გამოიცა, სულ 10 წიგნის ავტორია.

1995 წლიდან ქართულად თარგმნიდა დიდი რუსი პოეტი ქალის - მარინა ცვეტაევას ლექსებს. 2004 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ცვეტაევას მისეული თარგმანები, 2022 წელს მისი საიუბლეო კრებული, რომელშიც მარინა ცვეტაევას 80 საუკეთესო ლექსიც შევიდა.

გარდაცვალების შემდეგ ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ტიციან ტაბიძის პრემია. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი ზურაბ ფირცხალაიშვილის ფეისბუკ გვერდიდან.